იტალია პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს
იტალია პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალია განაახლებს გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს, UNRWA-ს დაფინანსებას. ამის შესახებ ტაიანიმ რომში პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრთან, მუჰამედ მუსტაფასთან შეხვედრისას თქვა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ხუთი მილიონი ევრო დაიხარჯება გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს პროექტებზე, დანარჩენი თანხა კი მოხმარდება ინიციატივას „საკვები ღაზისთვის“.
იტალია ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც UNRWA-ს დაფინანსება შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე “ჰამასის” შვიდი ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.
„იტალიამ გადაწყვიტა, განაახლოს კონკრეტული პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად, თუმცა მხოლოდ დეტალური შემოწმების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს, რომ არცერთი ცენტი არ მოხმარდეს ტერორიზმის მხარდაჭერას“, – განაცხადა ტაიანიმ.
UNRWA-ს ღაზაში 13 ათასი დასაქმებული ჰყავს, მათ შორის ანკლავში მდებარე სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა სოციალურ სამსახურებში.