„ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდნენ და მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი ოთხი ძველი „ბოგდანი“ ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსები სულ 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ: N4, 10, 28, 34, 42, 56, 66, 78, 103 და 108.
ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილ 160 ავტობუსს მწარმოებელი ქალაქს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიაწვდის.
ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია როგორც „ვაიფაი“ (WiFi) მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და „უესბი“ (USB) დასამუხტი პორტები.
პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.