ისტორიული მოვლენა — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის პირველი ვაქცინა დაამტკიცა #1tvმეცნიერება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის ვაქცინის ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა აფრიკის კონტინენტზე ბავშვებში და სხვა იმ ზონებში, სადაც ამ დაავადებით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. ეს მოვლენა ნამდვილი გარღვევაა ამ დაავადების წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში.
მალარია პარაზიტის მიერ გამოწვეული დაავადებაა, რომელიც უკვე ათასობით წელია მძვინვარებს და ძირითადად კოღოს კბენის შედეგად ვრცელდება. ყოველწლიურად მალარია მსოფლიოში 400 000-ზე მეტ ადამიანს კლავს, ძირითადად სუბსაჰარულ (საჰარის სამხრეთით) აფრიკაში. მალარია წელიწადში 260 000-ზე მეტ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს კლავს.
მალარიის ეფექტიანი ვაქცინის გზა ძალიან გრძელი იყო, რადგან მრავალმა ვაქცინამ მხოლოდ მოკრძალებული ეფექტიანობა აჩვენა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ვაქცინას RTS, S ან Mosquirix ჰქვია და მასზე მუშაობა 30 წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია: იმუნურ სისტემას Plasmodium falciparum-ს წინააღმდეგ მიმართავს — მალარიის მომაკვდინებელი პარაზიტის, რომელიც ყველაზე მეტად აფრიკაშია გავრცელებული.
ის მალარიის პირველი ვაქცინაა, რომელმაც ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდები გაიარა და აჩვენა, რომ პატარა ბავშვებში მნიშვნელოვნად ამცირებს მალარიას, მათ შორის, იცავს სიკვდილისგან.
გარდა ამისა, ის პირველი ვაქცინაა, რომელიც პარაზიტის მიერ გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ შეიქმნა.
„ისტორიული მომენტია. მალარიის დიდხანს ნანატრი ვაქცინა ბავშვებისთვის, ნამდვილი გარღვევაა მეცნიერებისთვის, ბავშვთა ჯანმრთელობისა და მალარიის კონტროლისთვის“, — წერს განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი.
მისი განცხადებით, მალარიის პრევენციის უკვე არსებულ ხელსაწყოებთან ერთად, ამ ვაქცინის გამოყენებას ყოველწლიურად ათობით ათასი ახალგაზრდა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ვაქცინა ბრიტანულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა შექმნა; ფართომასშტაბიან კლინიკურ ცდებში, ოთხი წლის განმავლობაში, პრეპარატმა მალარიის 10 შემთხვევიდან 4-ის პრევენცია შეძლო, რაც 39-პროცენტიან ეფექტიანობას ნიშნავს. ცდები ბავშვებში ჩატარდა და მათ ვაქცინის ოთხი დოზა გაუკეთეს. მწვავე მალარიის შემთხვევაში, ვაქცინამ 10 შემთხვევიდან 3-ის პრევენცია მოახდინა, რაც 29-პროცენტიან ეფექტიანობას ნიშნავს.
კლინიკური ცდების მონაცემების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ვაქცინის პილოტირება მოხდეს განის, კენიისა და მალავის შერჩეულ ზონებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წლის შემდეგ, ამ პროგრამების ფარგლებში, ამ ქვეყნებში 800 000-ზე მეტი ბავშვი აცრეს.
ოთხდოზიანი ვაქცინა ხუთ თვეზე ზემოთ ბავშვებში კეთდება; პრეპარატი უსაფრთხო აღმოჩნდა და 30 პროცენტით შეამცირა მალარიის მწვავე, სასიკვდილო შემთხვევები.
ამჟამად, ძლიერი გავრცელების ზონებში მალარიას ძირითადად აკონტროლებენ სახლებში ინსექტიციდების შესხურებით წელიწადში ერთხელ ან ორჯერ; კიდევ ერთი საშუალებაა საძინებელში ინსექტიციდებით დამუშავებული ბადეების ჩამოფარება.
ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როდესაც ბავშვებს ვაქცინასთან ერთად მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტსაც აძლევდნენ, მხოლოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატთან შედარებით, ეს კომბინაცია მწვავე მალარიით ჰოსპიტალიზების შანსს 70,5 პროცენტით ამცირებდა, სიკვდილს კი 72,9 პროცენტით.
2020 წლის ნოემბერში ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული მოდელირებული კვლევის მიხედვით კი, ამ ვაქცინამ წელიწადში შეიძლება მოახდინოს ბავშვებში 5,3 მილიონი შემთხვევისა და 24 000 სიკვდილის პრევენცია.
ვაქცინების გლობალური ალიანსის, Gavi-ს დასკვნით, მალარიის ვაქცინა მართლაც ეფექტიანია; ეს ორგანიზაცია მსურველი ქვეყნებისთვის ვაქცინებს შეიძენს.
ამჟამად ტესტირებას გადის მალარიის ვაქცინის სხვა კანდიდატებიც. ერთ-ერთმა ასეთმა ვაქცინამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნა, ადრეულ კლინიკურ ცდებში 77-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა და ის მალარიის ერთადერთი ვაქცინაა, რომელმაც გადალახა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი, რაც 2030 წლამდე 75-პროცენტიანი ვაქცინის შექმნას გულისხმობს.
მომზადებულია The New York Times-ისა და Live Science-ის მიხედვით.