ისრაელში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრად იაირ ლაპიდი დაინიშნა
ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი თანამდებობას შეთანხმების მიხედვით დროებით დაიკავებს, ვიდრე პირველ ნოემბერს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. თავად ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.
ბოლო ოთხ წელიწადში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები ისრაელში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი კოალიციური მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა.
მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი შეფასებით, „ნაფტალი ბენეტის მთავრობის ჩამოშლა ძალიან კარგი ახალი ამბავია ისრაელის მილიონობით მოქალაქისთვის“.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, ნეთანიაჰუს პარტია ამ ეტაპზე ლიდერობს, თუმცა სავარაუდოდ მას გაუჭირდება პარლამენტში მყარი უმრავლესობის მოპოვება.
ისრაელში ბოლო რამდენიმე წელია პოლიტიკური კრიზისია. პოლიტიკური პარტიებიდან ვერც ერთი ახერხებს მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას. ჩიხიდან გამოსვლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ნაფტალი ბენეტმა და იაირ ლაპიდმა შეთანხმება და კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლეს. შეთანხმების მიხედვით, ბენეტსა და ლაპიდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მონაცვლეობით უნდა დაეკავებინათ.