ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის 28-ე კვირას თელ ავივში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის 28-ე კვირას თელ ავივში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა

ისრაელში 28-ე კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელზეც მომიტინგეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

მედიის ცნობით, ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა თელ ავივის ქუჩებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ.

თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომიტინგეებმა აანთეს ჩირაღდნები ნეთანიაჰუს სახლის წინ იერუსალიმში და დემონსტრაცია მოაწყვეს სანაპირო ქალაქებში – ჰერცლიასა და ნეთანიაში.

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებს შეუერთდა ისრაელის სამედიცინო ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ისრაელის ექიმების 90%-ს.

„კანონი გაანადგურებს ჯანდაცვის სისტემას”, – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა სიონ ჰაგაიმ.

მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის გეგმა წარადგინა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.