ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 საათიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.
„ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.
„იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.