ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას:

მოქმედების ინსტრუქცია ისრაელში განგაშის სიგნალის/სირენის ამოქმედების შემთხვევაში:

სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

სამი ან მეტსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში, სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ვებგვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე ქალაქში ამოქმედდა, მათ შორის თელ-ავივში. საქართველოს პირველ არხს ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან თვითმხილველმა ვიდეო მოაწოდა, რომელიც განგაშის დროს არის გადაღებული. სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ღაზას სექტორიდან რაკეტები ისრაელის ქალაქების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.