ისრაელში პოპულარული ტელეგადაცემა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს
ისრაელში პოპულარული ტელეგადაცემა „ბესთ ინ ზი ვორდ“ (best in the world) თბილისშია. გადამღები ჯგუფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს.
რეპორტაჟში თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები მოხვდება. ძველი უბნების არქიტექტურასთან ერთად რეპორტაჟში დიდი ადგილი დაეთმობა ქართულ ხალხურ პოლიფონიასაც.
გადამღებ ჯგუფს „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე მეგზურობს.
იციკ მოშეს თქმით, წელს განსაკუთრებული აქტივობების დახმარებით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტთა რიცხვი სავარაუდოდ 30 პროცენტით გაიზრდება და ჯამში 200 ათასს მიაღწევს. მომავალ წელს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი“, ამავე კამპანიის ფარგლებში აქცენტს საქართველოს ბუნებისა და კულინარიის გარდა, მდიდარ კულტურაზე გააკეთებს.
გადამღები ჯგუფი ქვეყანას, საქართელო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში ეწვია.