ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო სკოლების ნაწილი შესაძლოა, კვლავ დახურონ
ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო სკოლების ნაწილი შესაძლოა, კვლავ დახურონ

ისრაელში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რის გამოც შესაძლოა, სკოლების ნაწილი კვლავ დახურონ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში „კოვიდ-19“-ის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 2 მაისის შემდეგ პირველად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.

კორონავირუსის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეების მხრიდან სოციალური დისტანცირების ზომების დაუცველობას უკავშირებენ.

სამინისტროს ცნობით, ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი სკოლებშია გამოვლენილი, ამიტომ 30 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები შეიკრიბებიან და ზოგიერთი სკოლის კვლავ დახურვაზე იმსჯელებენ.

ისრაელის „მე-12 არხის“ ცნობით, ბოლო ორ დღეში კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლენილია იერუსალიმში მდებარე რეჰავიას გიმნაზიაში. ინფიცირებულებს შორის 64 მოსწავლე და სასწავლო დაწესებულების 14 თანამშრომელია.

„სამწუხაროდ, დაავადება კვლავ აქ არის. სიცხემ და ისრაელისთვის დამახასიათებელმა ტენიანობამ მისი გაუჩინარება ვერ გამოიწვია. ამგვარად, ზომები კვლავ ძალაში რჩება. ისრაელის საზოგადოებას შორის ზომების დაცვის შესუსტების ატმოსფერო მიუღებელია“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ბარ-სიმან ტოვმა.