ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს, 15 ივნისს დახურულ სივრცეში მოქალაქეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება გააუქმა. მოცემული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების დაბალი ინტენსივობის გამო მიიღეს.
ჯანდაცვის უწყების გენერალურმა დირექტორმა, ჩეზი ლევიმ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ხელი ორშაბათს მოაწერა, რომლის საპასუხოდ 15 ივნისიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.
შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით მდებარე სხვადასხვა დაწესებულებებს ფუნქციონირების უფლება იმ პირობებით აქვთ, რომელიც კორონავირუსული პანდემიის დასაწყისამდე არსებობდა. პირბადის ტარების ვალდებულება აღარ იმოქმედებს სავაჭრო, კომერციული, სამუშაო, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის დახურულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ზემოხსენებული ცვლილება რამდენიმე გამონაკლისს მოიცავს. დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ნარჩუნდება არავაქცინირებული სტუმრებისთვის, თანამშრომლებისთვის, აგრეთვე ჯანდაცვის დაწესებულებების იმ მომსახურებისთვის, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ შეხება. პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება ადამიანებისთვის, რომლებიც საკარანტინო სივრცეში შედიან და აგრეთვე თვითმფრინავის მგზავრებისთვის.
მანამდე, ივნისის დასაწყისში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელშტეინმა პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ მოიმატებდა, მოქალაქეებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნებოდა. ბოლო დღეებში, ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
ისრაელში, კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია 2020 წლის 20 დეკემბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 10 იანვარს უკვე მოსახლეობა აცრების მეორე დოზის მიღებაზე გადაერთო. ამ დროისთვის 5,4 მილიონზე მეტი ადამიანია პირველი დოზით ვაქცინირებული, ხოლო მეორე დოზა 5,1 მილიონზე მეტ პირს აქვს მიღებული. ივნისის დასაწყისში, ქვეყანაში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციაც დაიწყო.