მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის ბოლო დღეს ღაზიდან კიდევ 11 მძევლის გათავისუფლება იგეგმება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დღეს ზავის ბოლო, მეოთხე დღეა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისრაელმა უკვე მიიღო 11 მძევლის სია, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება. დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივების მომხრეა.
რაც შეეხება ისრაელის პოზიციას, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად არის, გააგრძელოს მოქმედი ზავი, მაგრამ როგორც კი ის დასრულდება, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას სრული ძალით განაახლებს.
კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, „ჰამასის“ ტყვეობიდან 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ზავის სამი დღის განმავლობაში ისრაელმა ციხეებიდან 117 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი გაათავისუფლა.