ისრაელმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ მიერ შემუშავებული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ დაამტკიცა
ისრაელმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ კომპანია „ფაიზერის“ მიერ შემუშავებული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ დაამტკიცა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შეკვეთილი მედიკამენტების პირველ ნაწილს ქვეყანა მომდევნო დღეებში მიიღებს.
აშშ-ის „საკვების და წამლის სააგენტომ“ „პაქსლოვიდს“ ავტორიზაცია გასულ კვირას მიანიჭა. მედიკამენტის გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეპარატს აქვს მსუბუქი გვერდითი ეფექტები და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თითქმის 90 პროცენტით შემცირებას აჩვენებს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადებები.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყანამ „ფაიზერისგან“ 100 000 აბი „პაქსლოვიდი“ შეიძინა. წამალი ბლოკავს ძირითად ფერმენტს, რომელიც ვირუსებს სჭირდებათ ადამიანის ორგანიზმში გასამრავლებლად.
„ფაიზერს“ მსოფლიო მასშტაბით მკურნალობის 180 000 კურსი აქვს, რომელთა შორის 70 000-მდე აშშ-თვის არის გამოყოფილი. კომპანიამ განაცხადა, რომ იანვრის ბოლომდე აშშ-ში 250 000 კურსი იქნება ხელმისაწვდომი. „ფაიზერის“ მკურნალობის თითოეულ კურსში აშშ დაახლოებით 500 დოლარს გადაიხდის.