ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თელ-ავივის სამიზნე ღაზას სექტორში მყოფი მებრძოლების ორი სარაკეტო დანადგარი იყო.
ავიაიერიშის განხორციელებამდე ისრაელის რამდენიმე უბანში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რომელიც ღაზას სექტორის მხრიდან შესაძლო თავდასხმას იუწყებოდა, რის შემდეგაც, ისრაელის რამდენიმე სოფელზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ოფიციალური თელ-ავივის მხრიდან ავიაიერიში სწორედ აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხი იყო.
ადგილობრივი რადიოსადგურის ცნობით, ისრაელის სამხრეთში არსებულ სოფლებში 30 წუთის განმავლობაში 50-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან თავდასხმების დიდი ნაწილი ისრაელმა მოიგერია. განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ბუნკერებში განთავსდა.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმების დროს სამი პალესტინელი დაშავდა.