ისრაელმა ღაზას სექტორში, „ჰამასის" სამხედრო ბაზის ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა
ისრაელმა ღაზას სექტორში რამდენიმე სამიზნეზე ავიადარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, საჰაერო დარტყმების სამიზნე რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები იყო, კერძოდ ერთ-ერთი სამხედრო ბაზის შენობები და ინფრასტრუქტურა, ასევე იარაღის საწარმო.
პალესტინური მხარის მონაცემებით, ავიაიერიშის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
ისრაელის არმიის განცხადებით, ავიადარტყმები ისრაელის სასაზღვრო ქალაქ სდეროთის მისამართით პალესტინელი რადიკალების მხრიდან ცეცხლის გახსნაზე საპასუხო ქმედებები იყო.
შეგახსენებთ, 14 მაისს ღაზას სექტორის საზღვარზე, პალესტინელთა საპროტესტო აქციის დროს მომხდარი შეტაკებისას, ისრაელის სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. დაიღუპა 60-მდე ადამიანი.
18 მაისს პალესტინური ჯგუფები მორიგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.