ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ
ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი ნორვეგიის მთავრობის მიერ ბოლო დროს ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯებზე, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასა და ნორვეგიის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მწვავე განცხადებებზე.
ნორვეგიის ელჩი იერუსალიმში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ დიპლომატებს აკრედიტაცია შვიდ დღეში გაუუქმდებათ, ხოლო ვიზა – სამ თვეში.
„ნაცვლად იმისა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ებრძოლოს პალესტინურ ტერორიზმს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანის ბოროტების ღერძთან, ნორვეგიამ აირჩია „ჰამასის“, მკვლელებისა და მოძალადეების დაჯილდოება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების სახით. ოსლო ასევე შეუერთდა უსაფუძვლო სარჩელს ჩვენ წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.