ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა აფრიკის კავშირში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო. აღნიშნული სტატუსით ისრაელი კავშირის წინამორბედ აფრიკის ერთობის ორგანიზაციაშიც იყო წარმოდგენილი 2002 წლამდე, ვიდრე ორგანიზაცია აფრიკის კავშირად გადაკეთდებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, იარი ლაპიდის თქმით, დღევანდელი დღე სადღესასწაულოა ისრაელ-აფრიკის ურთიერთობებში. ისრაელს აფრიკის კონტინენტის 46 ქვეყანასთან აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო გასულ წელს ურთიერთობის ნორმალიზება სუდანთან და მაროკოსთანაც მოახდინა.
სამინისტროს განცხადებით, ურთიერთობების განვითარება ისრაელს კავშირის წევრ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ვაჭრობაში შეუწყობს ხელს და „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლას კიდევ უფრო გააძლიერებს.
აფრიკის კავშირთან ურთიერთობების გაღრმავება პრიორიტეტული იყო ყოფილი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვისაც, რომლის მიზანი ისრაელისთვის საჭირო საკითხებზე აფრიკული სახელმწიფოების ხმების მიღება იყო ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც გაერო-ს უშიშროების საბჭო და იუნესკოა. გარდა ამისა, ბენიამინ ნეთანიაჰუ 2016 წელს ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც აფრიკის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.