ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე მომხდარი მორიგი დაპირისპირების დროს 130 პალესტინელი დაშავდა
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე მომხდარი მორიგი დაპირისპირების დროს 130 პალესტინელი დაშავდა

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე მომხდარი მორიგი დაპირისპირების დროს 130 პალესტინელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის სამხედრო ძალების ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, საზღვარზე გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 10 ათასმა პალესტინელმა მიიღო. ისინი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით ალმოკიდებულ საგნებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. საპასუხოდ კი ისრაელის მხრიდან ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს.

ღაზის სექტორის საზღვართან დემონსტრაციები უკვე რადენიმე თვეა გრძელდება. „დაბრუნების დიდი აღლუმის“ სახელით ცნობილი აქციები ყოველ პარასკევს იმართება. მასში ათასობით პალესტინელი იღებს მონაწილეობას.

პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

მასშტაბური დემონსტრაციები კი ხშირად პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების შეტაკებებით სრულდება. ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დაპირისპირებებს 200-მდე პალესტინელი შეეწირა.