ისრაელის ყველაზე დიდი პროფკავშირების ხელმძღვანელმა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დააანონსა
ისრაელის ყველაზე დიდი პროფკავშირების ხელმძღვანელმა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ისტორიული საყოველთაო გაფიცვა დააანონსა. სატელევიზიო მიმართვაში არნონ ბარ-დავიდმა პრემიერ-მინისტრს მიმართა: „შეწყვიტეთ ეს პროცესი, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“. ბარ-დავიდის თქმით, საყოველთაო გაფიცვა დღეიდან დაიწყება და მასში მრავალი სფეროს წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
„შეწყვიტეთ ეს სიგიჟე. ჩვენ ისრაელის ბედი გვაღელვებს. ერთად ვიტყვით, საკმარისია! ჩვენ ჩვენი გზა დავკარგეთ, ეს აღარ ეხება მემარცხენეობას ან მემარჯვენეობას. ერის პოლარიზებას ვეღარ გავაგრძელებთ. გასული კვირების განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო ამ ვითარების შესაჩერებლად. ჩვენ ვერთიანდებით, სავაჭრო ცენტრები, ქარხნები დაიხურება“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გაფიცვა მოიცავს ჯანდაცვის სექტორსაც.
სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოცხადებული საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტმა რეისები შეაჩერა.