ისრაელის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ულტრაორთოდოქსი სტუდენტების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს
ისრაელის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ულტრაორთოდოქსი სტუდენტების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს

ისრაელის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, სახელმწიფომ ულტრაორთოდოქსი სტუდენტების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს.

„რთული ომის მიმდინარეობისას უთანასწორობის ტვირთი მწვავეა, როგორც არასდროს“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ ერთხმად მიღებულ დადგენილებაში.

ისრაელში მოქმედი კანონის თანახმად, სამწლიანი სამხედრო სამსახური სავალდებულოა მამაკაცების უმეტესობისთვის. ასევე, ორწლიან სამხედრო სამსახურს გადიან ქალები. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყვნენ ულტრაორთოდოქსები. კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მათ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა, გასულ წელს ამოიწურა, თუმცა, მთავრობის ნებართვით, მისი მოქმედება გახანგრძლივდა.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ, გამონაკლისისთვის ახალი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ულტრაორთოდოქსი მამაკაცების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველ კოალიციაში ორი ულტრაორთოდოქსური პარტია შედის, შესაბამისად, უზენაესი სასამათლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ისრაელის მთავრობისთვის გამოწვევა აღმოჩნდეს. აღნიშნული პარტიების ლიდერებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

ისრაელის პარლამნეტში მუშაობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ახალ კანონპროექტზე.