ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიაზე სირიის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს
ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსმა ისრაელის ტერიტორიაზე ორი სირიული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. სირიის ავიაციამ ისრაელის საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 13:43-ზე დაარღვია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის სამხედრო თვითმფრინავები Patriot-ის ტიპის რაკეტებით გაანადგურეს. მომხდართან დაკავშირებით, სირიის მთავრობას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის ჯარი ისრაელის საზღვრის გასწვრივ, გოლანის მაღლობებთან განლაგდა. ამ ნაბიჯის გამო ისრაელის თავდაცვის უწყებამ ასადის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა. ამავე საკითხის განსახილველად, ერთი კვირის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში, სირიის მთავრობის მოკავშირე ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა.