ისრაელის თავდაცვის მინისტრი- იერიში სირიის ბირთვულ რეაქტორზე გზავნილია ირანისთვის
სირიის ბირთვულ რეაქტორზე, ისრაელის მიერ 2007 წელს განხორციელებული იერიში გზავნილია ირანისთვის – ამის შესახებ ისრაელის დაზვერვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ოპერაციამ ნათლად აჩვენა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ბირთვული იარაღის ფლობას მათ ხელში, ვინც ჩვენი ქვეყნის არსებობას ემუქრება. სირია მაშინ, დღეს კი ირანი“ – დაწერა Twitter-ში ისრაელ კაცმა.
ისრაელის მიერ სირიის საიდუმლო ბირთვული რეაქტორის განადგურებას ისტორიულ და თამამ აქტს უწოდებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ავიგდორ ლიბერმანის თქმით, ოპერაციამ დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავშეკავება არ არსებობს.
„ჩვენი მოწინააღმდეგეების მოტივაცია ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ასევე გაიზარდა ისრაელის შეიარაღებული ძალების სიძლიერეც. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებისა და დაზვერვის შესაძლებლობები 2007 წელთან შედარებით გაფართოვდა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ეს უნდა დაიმახსოვრონ“ – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა, რომ 2007 წელს ქალაქ დეირ ელ-ზორთან სირიის საიდუმლო ბირთვული რეაქტორი გაანადგურა. ისრაელში ამბობენ, რომ რეაქტორი მაშინ განვითარების ბოლო ეტაპზე იყო და ავია იერიშში მონაწილეობა F-15 და F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა მიიღეს.