ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი ომს ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ არ აწარმოებს
ისრაელის ომი ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდირება დადასტურდა.
„ჰასან ნასრალამ ათასობით ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე მოკლა. ის საფრთხეს წარმოადგენდა ათასობით ადამიანისთვის. ჩვენს მტრებს ვეტყოდი, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენს პარტნიორებს ვეტყოდი, რომ ჩვენი ომი, მათი ომიცაა. ხოლო ლიბანელ ხალხს ვეტყოდი, რომ ჩვენ ომი მათთან არ გვაქვს. ცვლილებების დროა“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრებიც არიან ლიკვიდირებული, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაური.