ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქსენეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გალანტმა ისაუბრა ისრაელის საომარი გეგმებისა და მიზნების შესახებ.
მისი თქმით, მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციასა და ახალი „უსაფრთხოების რეჟიმის“ შექმნით ღაზაზე ისრაელის პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას.
გალანტმა კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს საჰაერო თავდასხმები და მოგვიანებით კი, სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია, დაამარცხოს „ჰამასი“ და გაანადგუროს მათი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გალანტმა.
მისი თქმით, მეორე ეტაპზე გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ „წინააღმდეგობის კერების ჩასახშობად“.
„მესამე ნაბიჯი იქნება ღაზის სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის დაწესება, ღაზის სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და ახალი უსაფრთხოების რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა გალანტმა.