ისრაელში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომელთა დაღუპვასთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიებას ჩაატარებენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცახდებენ, რომ მწუხარებას გამოხატავენ საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვის გამო და გამჭვირვალე გამოძიებას ჩაატარებენ.
აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„გუშინ ღაზაში მოხდა ინციდენტი, რამაც „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების ტრაგიკული დაღუპვა გამოიწვია იმ დროს, როცა ასრულებდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელ მისიას, მიეწოდებინათ საკვები გაჭირვებული ადამიანებისთვის. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთგული, პროფესიონალი სამხედროები, მზად ვართ, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ შევამოწმოთ ჩვენი ოპერაციები. შედეგებსა და დასკვნებს აუცილებლად გაგიზიარებთ“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, გენერალური შტაბის ფაქტების დამდგენი მექანიზმი წარმოადგენს დამოუკიდებელი სამხედრო ორგანოს ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ომის დროს უჩვეულო ინციდენტების გამოძიებაზე.
„ჩვენ განვიხილავთ ინციდენტს უმაღლეს დონეზე, რათა გავიგოთ, რა და როგორ მოხდა. ეს დაგვეხმარება, შევამციროთ ასეთი მოვლენის განმეორების რისკი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ „მსოფლიოს ცენტრალურ სამზარეულოსთან“, რათა დაეხმარონ მათ თავიანთი კეთილშობილური მისიის შესრულებაში – დახმარება გაუწიონ ღაზის მოსახლეობას. არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულო“ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ასევე იყო ისრაელში ჩვენ დასახმარებლად. ეს არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქ მოვიდა. მათი მუშაობა კრიტიკულად აუცილებელია“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.