ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიბანის სამხრეთით „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიბანის სამხრეთით ლიბანური შიიტური მოძრაობის, „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისმაილ იუსეფ ბააზი დაჯგუფების „სანაპირო სექტორს“ მეთვალყურეობდა და ჩართული იყო ლიბანის სანაპირო ზონიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბააზის გარდაცვალებას ადასტურებს „ჰეზბოლაც“, თუმცა დაჯგუფებაში არ ასაჯაროებენ დეტალებს მისი პოზიციის შესახებ, არც იმას, თუ როგორ იქნა ის მოკლული სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ აინ ბაალში.
ისრაელის დარტყმის შესახებ ლიბანური მედიაც წერს, რომლის ცნობითაც, იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
„ჰეზბოლას“ ირანი უჭერს მხარს. ის ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.