ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰუთის“ პოტენციური თავდასხმების მოსაგერიებლად მზად არიან
ისრაელი მზად არის, მოიგერიოს „ჰუთის“ პოტენციური თავდასხმები მას შემდეგ, რაც აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა, ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ-სთან თანამშრომლობას მიესალმებიან.
მისივე შეფასებით, ეს აჩვენებს აშშ-ის თავდაცვის შესაძლებლობებს.
„ისრაელს აქვს მსოფლიოში საუკეთესო საჰაერო თავდაცვა და მზად არის მსგავსი საფრთხეებისთვის“, – განაცხადა ჰაგარმა.
რაც შეეხება ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს, ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები „მოქმედებენ ისეთი ტემპით, როგორიც არ ყოფილა ათწლეულების განმავლობაში“.
ცნობისთვის, პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა, ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ ძალების მიერ იქნა გაშვებული.