ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ლიბანში მოქმედ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ისრაელის სამრეწველო და სამხედრო ობიექტები იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო განგაშის სირენები მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

მათივე ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ნასროლი 105 რაკეტიდან უმეტესობა ჩამოგდებულია, თუმცა ზოგიერთი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. პარალელურად, ისრაელიც აგრძელებს ავიაიერიშებს ლიბანის ტერიტორიაზე.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებსა და გოლანის მაღლობების სამხრეთ ნაწილში ახალი შეზღუდვები დააწესეს. კერძოდ, შეიზღუდა მასობრივი შეკრებების გამართვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. შეზღუდვები ვრცელდება ჰაიფის რაიონსა და მის ჩრდილოეთითაც.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება 2023 წლის 8 ოქტომბრიდან გამწვავდა, როდესაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელს დაესხნენ თავს. „ჰეზბოლამ“ პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად ისრაელის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.