ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღდგენილია, თუმცა შესაძლოა, ტერორისტები ჯერ კიდევ რჩებოდნენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღდგენილია, თუმცა შესაძლოა, ტერორისტები ჯერ კიდევ რჩებოდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის ძალებმა ღაზის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე აღადგინეს კონტროლი. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე საათში ისრაელის სამხედროებსა და ტერორისტებს შორის შეტაკებების შემთხვევები „იზოლირებულია“.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთ სასაზღვრო ქალაქში მოკლულია 10-ზე მეტი ტერორისტი და ამჟამად არცერთ ქალაქში შეტაკებები აღარ მიმდინარეობს. თუმცა ჰაგარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, დასახლებებში ტერორისტები ჯერ კიდევ არიან დარჩენილი.

ჰაგარის ცნობით, ღაზის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა გაარღვიეს, ფიზიკურად დაცული იქნება ჯავშანტექნიკით, ასევე საბრძოლო ვერტმფრენებითა და დრონებით.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, სამხედროებმა ღაზის სექტორთან საზღვარზე მდებარე 15 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და ეს პროცესი გრძელდება. მისი ცნობით, ამ ეტაპზე არ იგეგმება მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქ სდეროთიდან.

ჰაგარის ცნობითვე, თავდასხმის დაწყებიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.