ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი და მიზნობრივი ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ალ-შიფას საავადმყოფოში გრძელდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწოდებულმა ინკუბატორებმა, ჩვილთა საკვებმა და მედიკამენტებმა საავადმყოფომდე წარმატებულად მიაღწია. ჩვენი მედიკოსთა ჯგუფი და არაბულენოვანი სამხედროები ადგილზე არიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მარაგებმა იმ პირებამდე მიაღწიოს, ვისაც ისინი ესაჭიროება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ალ-შიფას საავადმყოფოს არ აქვს ინკუბატორების მუშაობისთვის საჭირო ელექტროენერგია, ვინაიდან საწვავის მარაგი ამოეწურა. როგორც ორგანიზაცია „პალესტინელების სამედიცინო დახმარების“ წარმომადგენლები აცხადებენ, საავადმყოფოს არა ინკუბატორები, არამედ საწვავი სჭირდება გენერატორების ასამუშავებლად.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდნენ. ისრაელის არმიის ცნობით, ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ სამხედროებმა საავადმყოფოს გარეთ სროლის დროს „ჰამასის“ შეიარაღებული წევრები მოკლეს.