ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია ერთი მოქალაქე
ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შტულის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაღუპულია ერთი მოქალაქე. ასევე ლიბანიდან კიდევ ერთი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა საზღვართან მდებარე ისრაელის სამხედრო პოზიციისკენ გაუშვეს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
როგორც გამოცემა Times of Israel წერს, ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ლიბანთან საზღვარზე დაძაბული ვითარების გამო ისრაელმა საზღვრის მიმდებარე ოთხი კილომეტრის რადიუსის ზონა გადაკეტა და სამოქალაქო პირებს იქ შესვლა აუკრძალა. ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას კი თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს.