ისრაელის სასამართლომ გახმაურებული საქმის ფიგურანტი, 19 წლის ახალგაზრდა დამნაშავედ ცნო
ისრაელის სასამართლომ გახმაურებული საქმის ფიგურანტი, 19 წლის ბიჭი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ The Time Of Israel-ი წერს.
ახალგაზრდა თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ტერიტორიაზე სხვადასხვა დაწესებულებაში აფეთქების ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდა. მისი სამიზნეები აეროპორტები, სკოლები და ინსტიტუტები იყო. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმ დაწესებულებებში რეკავდა, სადაც ებრაელები იმყოფებოდნენ.
გამოცემის ცნობით, დამნაშავე გასული წლის მარტში, FBI-ს გამოძიების შედეგად, ისრაელის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკითხვის დროს 19 წლის დაკავებულმა თქვა, რომ ცრუ შეტყობინებების გაგზავნის დროს ხალხში პანიკის ხილვა მოსწონდა. მისი ზარების გამო, 2016-2017 წლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ტერიტორიაზე სხვადასხვა დაწესებულებაში რამდენიმე ასეული ევაკუაცია განხორციელდა.
შტატებისა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა, ცრუ შეტყობინებებთან ერთად, ინტერნეტის საშუალებით ხალხს აშანტაჟებდა, რისი საშუალებითაც ბიტკოინებით 240 000 დოლარის მოგროვება მოახერხა.
ისრაელის სასამართლოს დამნაშავისთვის სასჯელი არ შეუფრდებია. სავარაუდოდ მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განხორციელდება, სადაც დამნაშავის წინააღმდეგ სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენებას აპირებენ.