„ისრაელის სახლი“ - საქართველო-ისრაელის ურთიერთობების პრობლემური საკითხები კანონიერ და ცივილიზებულ ფარგლებში უნდა მოექცეს
საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“ საქართველო-ისრაელის ურთიერთობების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ორი ქვეყნის მთავრობებსა და საპარლამენტო მეგობრების ჯგუფებს მიმართავს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეთა ისრაელში არალეგალურ ყოფნასთან, კანონიერ დასაქმებასთან, სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებთან დაკავშირებული თემები კანონიერ და ცივილიზებულ ფარგლებში დროულად უნდა მოექცეს.
„ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემები აქამდე უნდა წამოეწიათ ორივე ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებს, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. „ისრაელის სახლი“ შიშობს, რომ ე.წ. 26-საუკუნოვან უადგილო ტერმინოლოგიას, ორმხრივ საეჭვო შუამავლებს და ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ატეხილ ანტისემიტურ ისტერიას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ორი მეგობარი ქვეყნის პირდაპირი სახელმწიფოებრივი კავშირის პერსპექტივისთვის. ეს მაშინ, როცა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა გაცვეთილმა ფრაზეოლოგიამ საქართველო-ისრაელის კავშირები ისედაც ილუზორული გახადა. მიგვაჩნია, რომ ორი ხალხის ურთიერთობა ისტორიული კაპიტალია და მას კიდევ უფრო მეტი ფასი ექნება, თუ სახელმწიფოებრივი ხიდების მშენებლობისთვის გამოვიყენებთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოიკვეთება და გადაიკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები, არსებული პრობლემები კი გადაიჭრება კანონის ფარგლებში. თუ ეს ვერ მოხერხდება, დავკარგავთ კიდევ ერთ, მომავალ 30 წელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.