ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ისრაელი სრულიად უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის არასასიამოვნო სიტყვებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ
ისრაელი სრულიად უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის არასასიამოვნო სიტყვებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიათმა განაცხადა.
„„ჰამასი“ ისლამურ სახელმწიფოზე უარესი საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც სასტიკად და განზრახ კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, მძევლად მიჰყავს მშვიდობიანი მოსახლეობა და საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს. თურქეთის პრეზიდენტის მცდელობაც კი, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამახალისებელი სიტყვები არ შეცვლის იმ საშინელებებს, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, და ცალსახა ფაქტს: „ჰამასი“ უდრის ისლამურ სახელმწიფოს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა: „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად“.