ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ჯერ არ უერთდება
ისრაელი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ჯერ არ უერთდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.
მისი თქმით, „ისრაელი საფუძვლიანად იკვლევს რუსეთის მიმართ სანქციების პოტენციურ გავლენას. ჩვენ შევქმნით სამინისტროთაშორის გუნდს, რომელიც შეისწავლის სანქციების ეფექტებსა და შედეგებს ისრაელის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე“, – განაცხადა ლაპიდმა ბრიფინგზე.
როგორც ლაპიდი განმარტავს, ისრაელი ჩართულია საერთაშორისო ძალისხმევაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
„ჩვენ გვაქვს მორალური, ისტორიული და ეთიკური ვალდებულება ვიყოთ ამ ძალისხმევის ნაწილი“, – აღნიშნავს მინისტრი.
დღეს ისრაელმა უკრაინაში თბილი ტანსაცმლითა და სამედიცინო აღჭურვილობით სავსე სამი თვითმფრინავი გაგზავნა.