ისრაელის საელჩო თელ-ავივში ტერაქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, – წერს საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში.
„ტერორიზმი არავის ინდობს, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ – თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თელ-ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.