ისრაელის რამდენიმე ქალაქში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ყველა დარჩენილი მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას ითხოვდნენ.
დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს.
„ნეთანიაჰუ, არ დაგავიწყდეს, ისტორია არ გაპატიებს“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
ზოგიერთ აქტივისტს ხელში ნეთანიაჰუს კრიტიკის შემცველი დიდი ბანერი ეჭირა. კრიტიკა შეეხებოდა ნეთანიაჰუს ოფისიდან საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
„ჯაშუში ჩემს ოფისში? მე ვერაფერი დავინახე. ნეთანიაჰუ – სასარგებლო იდიოტი“, – ეწერა ბანერზე.
ანტისამთავრობო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა, მათ შორის თელ ავივში, კფარ საბაში, კარკურსა და ჰადერაში.