ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო და მის შთამომავლებს საპატიო სიგელები გადასცა
დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის პატივსაცემად ცერემონია გაიმართა, სადაც მის შთამომავლებს ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ საპატიო სიგელები გადასცა.
სერგო მეტრეველმა მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრაელების სიცოცხლე გადაარჩინა. ის არის ერთადერთი ქართველი, რომელსაც, ისრაელის „იად ვაშემის“ კომისიისა და მუზეუმის გადაწყვეტილებით, მიენიჭა „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ ტიტული.
„აქ, ებრაულ მუზეუმში დაიწყო ჩემი, როგორც ქნესეთის სპიკერის ვიზიტი საქართველოში. 80 წლის შემდეგაც კი ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს ზოგიერთი მართალი ერი, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც შეინარჩუნა ჰუმანურობა და გადაარჩინა ებრაელთა სიცოცხლე ყველაზე ბნელ დროში. ერთ-ერთი მათგანი იყო სერგო მეტრეველი. მადლიერი ვარ მისი და მთელი მისი ოჯახის იმისთვის, რაც მან გააკეთა ჰოლოკოსტის დროს. ჩვენ შეშფოთებით ვხედავთ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდას, მაგრამ პატივისცემით ვამბობ, რომ საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. საქართველოში მოსახლეობა და მთავრობა პატივს სცემს ებრაულ თემებს და ჩვენ შეგვიძლია ამის ნახვა ამ მუზეუმში. პატივს ვცემთ და ვაფასებთ ამას. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარი ხდება. საქართველოსა და ებრაელი ხალხის 2600-წლიანი კავშირი გახდა ჭეშმარიტი ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მოვედით ამ ურთიერთობების სადემონსტრაციოდ, ასევე, პარლამენტებს შორისაც. ხვალ ვესტუმრები საქართველოს პარლამენტს, მაქვს საკმაოდ ბევრი შეხვედრა ამ ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობა ამ ორ დიდ ერს შორის“, – განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ.
ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, საქართველო ამაყობს იმით, რომ 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა აკავშირებს ისრაელთან და ისრაელელ ხალხთან.
„ეს არის არამარტო სიტყვით მოტანილი ამბავი, ეს არის კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული. ის ღონისძიება, რომელიც დღეს გაიმართა და რომელშიც ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა ძმური ურთიერთობა არსებობს ჩვენს ორ ხალხს შორის. სერგი მეტრეველის მიერ მართლაც გმირობის ტოლფასად ჩადენილი მოქმედება ებრაელი ადამიანების გადარჩენის მიზნით, არის მართლაც სამაგალითო ფაქტი, რის თაობაზეც ის შეყვანილი იქნა შინდლერების სიაში. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს თბილისში, სამგორის რაიონში გაიხსნა ქართველი შინდლერების მონუმენტი, ანალოგიური მონუმენტი არის ასევე გახსნილი ონშიც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა განიხილება კიდევ რამდენიმე ქართველის საკითხი სპეციალური კომისიის მიერ, რათა მოხდეს მათი აღიარება და შინდლერების სიაში შეყვანა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ, რომ ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ერების ძმობის თაობაზე, კონკრეტული ფაქტებით მტკიცდება სწორედ ასეთი მოქმედებებით. ჩვენ პატივს ვცემთ და ქედს ვიხრით სერგი მეტრეველის წინაშე, რომელმაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გააკეთა ჩვენი ორი მოძმე ქვეყნისა და ხალხის ისტორიაში, რომლითაც დაადასტურა ის განწყობები და ის ურთიერთდამოკიდებულება, რომლითაც ქართველები ყოველთვის ვამაყობთ ებრაელებთან მიმართებით და რომელზეც ებრაელები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო არის განსაკუთრებული მეგობარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ისრაელის ქნესეთის თამჯდომარის, ამირ ოჰანას ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.