ისრაელის პრეზიდენტი - მადლობა საქართველოს ხელმძღვანელობას და ელჩს ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში მხარდაჭერისთვის, ეს არის პარტნიორობა, რომელიც შექმნის მომავალს
მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის მილოცვაშია ნათქვამი.
მისივე განცხადებით, ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან. როგორც ისრაელის პრეზიდენტი ამბობს, საქართველო-ისრაელს შორის შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო.
„ჩემო მეგობარო პატივცემულო ელჩო, ძვირფასო ლაშა, მეგობრებო, მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებს და ხალხებს შორის ათასწლოვანი წარსულით და რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემის ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია.
ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენი ორივე ქვეყანა გზაჯვარედინებზე არიან განლაგებული – გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტებს, მთებსა და მდინარეებს შორის. მეტიც, რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის. ჩვენს ხალხებს შორის არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელის პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველის და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია „ვეფხისტყაოსანით“. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომამვალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქარველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე. ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორივე ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის, თითქმის 3 000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, როგორც უკვე ვახსენე და ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.
ამასთან, ისააკ ჰერცოგი საქართველოს ხელმძღვანელობას და ისრაელში საქართველოს ელჩს მადლობას უხდის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში მხარდაჭერისა და რეაგირებისთვის.
„მრავალფეროვან ტურიზმთან, კულტურის, ეკონომიკის და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით თქვენ, საქარველოს ელჩო, ლაშა ჟვანია, მხარდაჭერისთვის და რეაგირებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში. ჩვენ ვითხოვთ და გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება სხვა სფეროებში, როგორიცაა, საქართველოს კულტურული ცენტრის გახსნა იერუსალიმში. სიხარულით ველოდები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, ვისაც მრავალი წელია, ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ვლოცულობ, რომ ჩვენის საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შექმნის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.