ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალისტების კითხვებს ისრაელის პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა - თქვენ თუ გაქვთ რაკეტა დაწყევლილ სამზარეულოში და გინდათ, მესროლოთ, არ მაქვს უფლება, თავი დავიცვა?
ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალისტების კითხვებს ისრაელის პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა - თქვენ თუ გაქვთ რაკეტა დაწყევლილ სამზარეულოში და გინდათ, მესროლოთ, არ მაქვს უფლება, თავი დავიცვა?

თქვენ თუ გაქვთ რაკეტა დაწყევლილ სამზარეულოში და გინდათ, მესროლოთ, არ მაქვს უფლება, თავი დავიცვა? – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პრესკონფერენციის დროს, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის პრეზიდენტმა პრესკონფერენციისას ჟურნალისტებთან იკამათა.

როგორც Times of Israel-ი წერს, ისააკ ჰერცოგის გაღიზიანება ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალისტების კითხვებმა გამოიწვია.

მედიის ცნობით, „სიენენის“ წამყვანმა, ბეკი ანდერსონმა თავის კითხვაში ღაზის მოსახლოების „კოლექტიური დასჯა“ ახსენა და მას „ომის დანაშაული“ უწოდა, რაზეც ისრაელის პრეზიდენტმა ტონს აუწია და გაბრაზებულმა უპასუხა.

„ძალზედ იმედგაცრუებული ვარ, რომ თქვენ მაშინვე ამ კითხვით გადმოდიხართ ჩემთან. ნუთუ არ გინახავთ ის სასაკლაო ისრაელის სამხრეთში? თქვენ ყველაფერი ნანახი გაქვთ. ანუ, ჩვენ ვიწყებთ საუბარს ომის დანაშაულის შესახებ რიტორიკით? მართლა? ნამდვილად?“ – განაცხადა ისრელის პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ ბრიტანეთის მეოთხე არხის ჟურნალისტმა, მეტ ფრეიმ განაცხადა, რომ ის გაკვირვებულია პასუხით, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ისრაელი ღაზელ ხალხს აგებინებს პასუხს „ჰამასის“ ქმედებებზე“. ისრაელის პრეზიდენტმა რეპორტიორს კითხვა გააწყვეტინა.

„მთელი პატივისცემის მიუხედავად, თუ შენ გაქვს რაკეტა დაწყველილ სამზარეულოში და გინდა, მესროლო, მე არ მაქვს უფლება, თავი დავიცვა? ასეთია ახლა სიტუაცია“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით ისრაელის პრეზიდენტმა არ უპასუხა „სიენენის“ ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვას, რომელიც დაინტერესდა, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ისრაელის მთავრობის მეთაურს, რომ მან „ჰამასის“ თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.

„ჩვენ ომში ვართ. მე არ ვარ დაკავებული ამ საკითხით“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.