ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პროკურატურაში დაკითხეს. იგი ქრთამის აღებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება ერთი წელია გრძელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს Bezeq Israel Telecom-თან უკანონო, საიდუმლო გარიგების თაობაზე დაიკითხა. პრემიერ-მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ისრაელის პროკურატურა მმართველი კონსერვატიული პარტია „ლიკუდის“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ორ ეპიზოდზე ედავება.
პირველი საქმე ისრაელელი ბიზნესმენებისგან ქრთამის სახით საჩუქრად ძვირადღირებული სიგარებისა და ძვირადღირებული ღვინის მიღებას ეხება. საქმეში წერია, რომ პრემიერმა აღნიშნული ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ბიზნესმენებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
მეორე საქმე გაცილებით მძიმეა: პროკურატურის მტკიცებით, რამდენიმე წლის წინ პრემიერმა ნეთანიაჰუმ რეიტინგულ გამოცემა Yediot Aharonot-თან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა, რისი მთავარი მიზანი მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალ-გაზეთებისთვის კონკურენციის გაწევა და მთავრობის ინტერესების გატარება იყო, კერძოდ, მთავრობის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება. ისრაელის კანონმდებლობით, თანამდებობის პირსა და პრესას შორის ამგარი გარიგებები უკანონოდ ითვლება.
ასევე საუბარია ისრაელის გიგანტი კომპანიის Bezeq Israel Telecom-ის მფლობელსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს, სარა ნეთანიაჰუს შორის საიდუმლო გარიგებაზე, რომელიც მეუღლის დავალებით მოქმედებდა. ზემოთ ხსენებული კომპანია მის კუთვნილ ვებ-პლატფორმაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს შესახებ დადებითი ინფორმაციის შემცველ ახალ ამბებს ავრცელებდა, ამის სანაცვლოდ კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენს დაჰპირდა, რომ კომპანია Bezeq Israel Telecom-ს გადასახადები შეუმსუბუქდებოდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 11 წელია უკავია, ორივე ბრალდებას უარყოფს.
ავადროულად, გამოძიება მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მეუღლის წინააღმდეგ. პროკურატურა სარა ნეთანიაჰუს მეუღლის საშუალებით პირადი ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში სდებს ბრალს. სარა ნეთანიაჰუ აღნიშნულ საქმეზე უკვე რამდენჯერმე დაიკითხა.
გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო. ისრაელის საპარლამენტო ოპოზიცია რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ გამოძიების შედეგი პრემიერ-მინისტრის იმიჯს მნიშნელოვნად შელახავს, თუმცა ისრაელის კონსტიტუციით, მთავრობის მეთაურის გადადგომა აღნიშნული თანამდებობიდან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა.