ისრაელის მთავრობის დოკუმენტის მიხედვით, ისრაელი „ვაგნერის“ ამბოხს მიიჩნევს იმის ნიშნად, რომ პუტინი კარგავს კონტროლს რუსეთზე
ისრაელი „ვაგნერის“ ამბოხს მიიჩნევს იმის ნიშნად, რომ პუტინი კარგავს კონტროლს რუსეთზე, – ამის შესახებ საუბარია ისრაელის მთავრობის შიდა დოკუმენტში. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ისრაელის მთავრობამ ჩაატარა სიტუაციური შეფასება აჯანყების შედეგებზე და დასკვნა, რომ ეს მიუთითებს რუსეთის ღრმა სისუსტეზე.
ისრაელის მთავრობას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება პრიგოჟინის ამბოხებაზე.
ისრაელის დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ ამბოხმა ძირი გამოუთხარა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მმართველობას და ეს იყო „რუსეთის ღრმა სისუსტის“ სიმპტომი როგორც ომის ფრონტზე, ასევე შიგნით.
დოკუმენტის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა ისრაელის ერთგულება უკრაინის მიმართ, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე თავდაცვის მხარდაჭერის კუთხით, ამასთან, სათანადოდ გაითვალისწინა ისრაელის მგრძნობიარე ურთიერთობა რუსეთთან.
დოკუმენტის მომდევნო პუნქტში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს დაევალა, „შეაფასოს ამბოხების შედეგები რუსეთის ურთიერთობებზე ირანთან და სირიაში. ბოლო პუნქტში განხილული იყო „რუსეთიდან იმიგრაციის დიდი ტალღის“ შესაძლებლობა რუსეთის შიგნით ფართომასშტაბიანი აფეთქების შემთხვევაში.