ისრაელის მთავრობა კოვიდგადატანილი და აცრილი მოქალაქეებისთვის გასართობი დაწესებულებების გახსნას გეგმავს
ისრაელის მთავრობა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინა გაკეთებული აქვთ ან ვირუსი უკვე გადაიტანეს, გასართობი ადგილების გახსნას გეგმავს.
ინფორმაცას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კოვიდგადატანილი, ასევე აცრილი ადამიანებისთვის შესაძლოა, გაიხსნას სასტუმროები, სპორტდარბაზები და სხვა გასართობი დაწესებულებები.
ასევე, გასართობ ადგილებში შესვლა ნებადართული იქნება იმ მომხარებლებისთვისაც, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის ტესტის ნეგატიური პასუხი ექნებათ.
ისრაელის მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს, სადაც მოსახლეობას შეეძლება, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ატვირთოს, მათ შორის ვაქცინაციის ჩატარების ან „კოვიდ-19“-ის გადატანის შესახებ.