ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ორი ულტრამემარჯვენე წევრი გადადგომით იმუქრება, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გეგმას დაეთანხმება
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ორი ულტრამემარჯვენე წევრი გადადგომით იმუქრება, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გეგმას დაეთანხმება

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი გადადგომით იმუქრება, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გეგმას დაეთანხმება.

საუბარია ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმორტიჩზე და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-ვირზე. ორივე ამბობს, რომ ნებისმიერი შეთანხმების წინააღმდეგები არიან, ვიდრე „ჰამასი“ სრულად არ განადგურდება.

თავად პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მუდმივმოქმედი ზავი არ გაფორმდება, ვიდრე „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ იქნება განადგურებული და ყველა ისრაელელი მძევალი არ გათავისუფლდება.

ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორში ომის დასრულების სამეტაპიანი გეგმა პირველი ივნისს წარადგინა. ეს გეგმა პირველ ფაზაში მოიცავს ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების ნაწილის გათავისუფლებას და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანას.