ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბერშევას წინააღმდეგ ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა
ისრაელის ქალაქ ბერშევას წინააღმდეგ ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ორი რაკეტის განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ შეძლო, ორი რაკეტა კი ღია სივრცეში ჩავარდა. დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ორსაათიანი სიმშვიდის შემდეგ, საგანგაშო გამაფრთხილებელი სიგნალები ისევ ჩაირთო ქალაქ აშქელონში და ღაზას სექტორის ახლოს მდებარე ისრაელის დასახლებებში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა ისროლეს.
ისრაელში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, არაბული ანკლავიდან ისრაელის წინააღმდეგ 3 000-მდე რაკეტა გამოიყენეს, რაც გასული წლების კონფლიქტების მაჩვენებლებს აჭარბებს.