ისრაელის გენშტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისრაელს კიდევ აქვს სამიზნეები ირანში და მზად არის, გააგრძელოს შეტევები, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება
ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ისრაელს ჯერ კიდევ აქვს სამიზნეები ირანში და მზად არის, გააგრძელოს შეტევები, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამიზნეები და შესასრულებელი ამოცანები. ჩვენ ვაგრძელებთ დარტყმების ტემპის გაზრდას ოპერატიული გეგმის შესაბამისად და მზად ვართ, გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ეიალ ზამირმა.
ზამირმა შეაქო აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი გახდა „ამერიკელი პარტნიორების მამაცი ხელმძღვანელობის წყალობით“. მისი თქმით, დარტყმები წარმოადგენს „გარდამტეხ მომენტს“ ისრაელის მიმდინარე ოპერაციაში.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა აჩვენეს მონდომება და შესაძლებლობები – ყველა, ვინც გამოგვიწვევს, დიდ ფასს გადაიხდის. ჩვენ არ დავთმობთ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ზამირმა.