ისრაელის ელჩი - დიდად ვაფასებთ 9 აპრილს ქართველი ხალხის მიერ სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენას, თქვენ აჩვენეთ მედეგობის ჭეშმარიტი არსი და ურყევი სწრაფვა თავისუფლებისადმი
ისრაელის ელჩი - დიდად ვაფასებთ 9 აპრილს ქართველი ხალხის მიერ სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენას, თქვენ აჩვენეთ მედეგობის ჭეშმარიტი არსი და ურყევი სწრაფვა თავისუფლებისადმი

ჩვენ დიდად ვაფასებთ 9 აპრილს ქართველი ხალხის მიერ სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენას. თქვენ აჩვენეთ მედეგობის ჭეშმარიტი არსი და თავისუფლებისადმი ურყევი სწრაფვა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის თქმით, „აშკარაა, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცდება საზღვრებს“.

„მისი უზრუნველყოფის სურვილი არის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ისე ისრაელებები“, – წერს ჰადას მეიცადი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.