ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი.
დიმიტრი ქუმსიშვილსა და ელი კოენს შორის ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 26 მარტს ისრაელში შედგა.
ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, აგრეთვე ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე.
ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია კომპანია „ელბიტის“ ინვესტიციით თბილისში მაღალტექნოლოგიური საწარმოს საზეიმო გახსნაში მონაწილეობა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ტექნოპარკის დათვალიერება.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.