ისრაელის საგარეო უწყება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბრალდებებს „უხეშად დამახინჯებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისრაელი საკუთარი ხალხის დაცვას ცდილობს
ისრაელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბრალდებებს „უხეშად დამახინჯებულს“ უწოდებს.
როგორც ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ტალ ბეკერმა განაცხადა, ქვეყნის სამხედრო მოქმედებები არის თავდაცვითი მოქმედება „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ისრაელის საგარეო უწყების მრჩეველმა განაცხადა, რომ გენოციდის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან გენოციდის აქტები ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
„განმცხადებელს თუ აქვს პრეტენზია, ისრაელს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი მოქალაქეების დაცვის უფლება, ამისი აბსურდული შედეგი არის ის, რომ გენოციდის პრეტენზიების საფარქვეშ სასამართლო ცდილობს, შეაჩეროს ისრაელი იმ ორგანიზაციისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაში, რომელიც გენოციდურ დღის წესრიგს ახორციელებს. „ჰამასი“ სისტემატურად და უკანონოდ ათავსებს თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას სკოლებში, მეჩეთებში, საავადმყოფოებსა და სხვა მგრძნობიარე ადგილებში. ეს არის ომის წინასწარ დაგეგმილი, ამაზრზენი მეთოდი. ისრაელი რასაც ცდილობს, არის არა ხალხის განადგურება, არამედ თავისი ხალხის დაცვა და ამის გაკეთება კანონის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ის ხვდება უგულო მტერს, რომელსაც სურს, გამოიყენოს ეს ფაქტი მის წინააღმდეგ“, – განაცხადა ტალ ბეკერმა ჰააგის სასამართლოში.
ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა გუშინ დაიწყო.