ისრაელი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს
ისრაელი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელი მოქმედებს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების დაცვის უფლებაზე დაყრდნობით, თავისი მორალური ღირებულებების და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
განცხადების თანახმად, ისრაელს არ ჩაუტარებია და არ განახორციელებს სამხედრო მოქმედებებს რაფაჰის რაიონში, რამაც შეიძლება ღაზის ზონაში მცხოვრები პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკური განადგურება გამოიწვიოს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ღაზის სექტორში შვიდი ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 35 857-ს მიაღწია, 80 000-ზე მეტი კი დაშავდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფატა ელ-სისი დათანხმდა გაერო-ს ტვირთის ღაზაში შეტანას ისრაელის კერემ შალომის გამშვები პუნქტის გავლით. რაფაჰის გამშვები პუნქტიდან, რომელიც პირდაპირ ღაზაში შედის, ტვირთების შეტანა შვიდი მაისის შემდეგ იყო შეჩერებული.
ცნობისთვის, გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ქალაქ რაფაჰში სამხედრო და სხვა მოქმედებების შეჩერება დაავალა.