ისრაელის მთავრობამ ირანის ხელისუფლება ღაზის სექტორში დესტაბილიზაციის პროვოცირებაში დაადანაშაულა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ირანის მთავრობა, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ხელით, ისრაელის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ცდილობს.
ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში დღეს სპეციალური ბარათები ჩამოყარა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ გზავნილს შეიცავდა. ისრაელის მთავრობამ პალესტინელებს მოუწოდა, არ იქცნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ იარაღად და არ მიიღონ მონაწილეობა მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც 8 ივნისსაა დაგეგმილი.
ბოლო ორ თვეში ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვარზე საპროტესტო აქციების დროს ისრაელელ ჯარისკაცებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს 120-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის რამდენიმე მოზარდიც იყო.